English / ქართული / русский /
გულნაზ ერქომაიშვილი
მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი მიმართულება და მისი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში. აღნიშნულია მწვანე ეკონომიკის როლი და მნიშვნელობა, შეფასებულია გარემოსდაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამები საქართველოში. გაკეთებულია დასკვნები და მოცემულია რეკომენდაციები.

საკვანძო სიტყვები: მწვანეეკონომიკა, გარემოსდაცვა, გარემოსდაცვის ეკონომიკური პოლიტიკა, გარემოს დაცვის პოლიტიკის ინსტრუმენტები. 

შესავალი

XXI საუკუნეში სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს გარემოს დაცვის პრობლემა წარმოადგენს. რაც უფრო იზრდება გლობალური ეკონომიკის ზეწოლა დედამიწის ბუნებრივ რესურსებზე, მცირდება ტყის ფართობები მთელ მსოფლიოში, იზრდება გაუდაბნოებული ტერიტორიების ფართობი, ზოგ  ადგილას წყლის დონე დაბლა იწევს, მდინარეები შრება, იცვლება კლიმატი, იზრდება რადიოაქტიური ნარჩენების და ნაგავსაყრელების რაოდენობა, ხმაური და სხვ. 

გარემოს დაცვის ეკონომიკური პოლიტიკა ითვალისწინებს გარემოს დაცვასა და მისი ინტენსიური გამოყენების შემცირებას, გარემოს დაცვის პოლიტიკის ინსტრუმენტებით დასახული მიზნის მიღწევას, ასევე მასთან დაკავშირებული ახალი შესაძლებლობების გამოვლენას. გარემოს დაცვის პოლიტიკის მიზნების ეფექტიანი განხორციელება მხოლოდ წესრიგის სამართლებრივი და საბაზრო ეკონომიკური ინსტრუმენტების კომბინირებული გამოყენებით არის შესაძლებელი.

საქართველოს მთავრობა მდგრადი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად  მწვანე ეკონომიკას განიხილავს და გამოდის ინიციატივით, რომ მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით განახორციელოს ნებაყოფლობითი ღონისძიებები. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ეკოსისტემების სერვისების, სუფთა წარმოების, გარემოსდაცვითი განათლებისა და მწვანე სამუშაო ადგილების განვითარების ხელშეწყობა. მწვანე ეკონომიკის განვითარება  მნიშვნელოვნად ამცირებს ბუნებრივი რესურსების არაეფექტურ გამოყენებას, ნარჩენების წარმოქმნას, ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევებს,  წყლის ობიექტებში გაუწმენდავი წყლის ჩაშვებებს.  მწვანე ეკონომიკის განვითარება ხელს უწყობს კომპანიების პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას მსოფლიო ბაზარზე. ამასთანავე, გამოიწვევს ცხოვრების დონის გარემოსდაცვითი ხარისხის ამაღლებას, ეკოსისტემებისა და ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერებას და ახალი ბიზნესშესაძლებლობების გაჩენას. ამდენად იგი მდგადი განვითარების გარემოსდაცვითი მიმართულების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. 

* * *

მეცნიერები დიდი ხანია  ამტკიცებენ, რომ გარემოს დაცვის პრობლემის გადაჭრას კაცობრიობის გადარჩენისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. XX საუკუნეში არსებული მიდგომა – დავიმორჩილოთ ბუნება და ჩავაყენოთ იგი საზოგადოების სამსახურში – წარსულს ჩაბარდა. ნაცვლად ამისა, უნდა შევიცნოთ და შევეწყოთ ბუნებას [1, გვ. 119].

გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების ხუთი მთავარი გამომწვევი მიზეზია: მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, რესურსების უყაირათოდ და არამდგრადად გამოყენება, სიღარიბე, გარემოს გაუარესებით გამოწვეული დანახარჯების აუსახველობა საქონლისა და მომსახურების საბაზრო ფასებში და ცოდნის ნაკლებობა გარემოში მიმდინარე პროცესებზე [2, გვ. 20].

დიდი ხნის მანძილზე ბუნებრივი რესურსები, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული მიწის გარდა, თავისუფალ საქონელს წარმოადგენდა [3,გვ.325]. მათი ხანგრძლივი დროის მანძილზე წარმოების პროცესში გამოყენება ყოველგვარი ხარჯების გარეშე შესაძლებლად მიიჩნეოდა. გარემოს მზარდმა დაბინძურებამ, რომელიც სცილდება ეროვნულ ფარგლებს, გაამძაფრა იმის გაგება, რომ ბუნებრივი რესურსები ამოწურვადია. სიცოცხლისთვის აუცილებელი ბუნებრივი გარემოს დამზოგველ მოპყრობას დღეისათვის უამრავი სამეცნიერო კვლევა თუ პოლიტიკური პროგრამა ეძღვნება. ყველა თანხმდება იმაზე, რომ  ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა არა მხოლოდ ერთი თაობის, არამედ მომავალი თაობებისთვისაც აუცილებელია.

ბუნებრივი გარემოს რესურსებს საზოგადოებრივი პროდუქტის ხასიათი აქვს, რის გამოც ეკონომიკაში მარტო დეცენტრალიზებული ბაზრის არსებობით გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ვერ გადავჭრით. გარემოს დაცვის პოლიტიკის მიზანთა განხორციელებისათვის აუცილებელია, რომ სახელმწიფომ ამ პროცესების რეგულირების ფუნქცია შეასრულოს.

2010 წელს გაერომ შეიმუშავა გარემოს დაცვის პროგრამა[4], რომელიც განიხილავს მწვანე ეკონომიკას, როგორც ეკონომიკურ მოდელს, რომელიც აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრებას, უზრუნველყოფს სოციალურ სამართლიანობას, სოფლის მეურნეობაში უფრო მდგრადი მეთოდების გამოყენების გზით ისეთი პროდუქტების წარმოებას, რომელიც უფრო უვნებელი იქნება ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მწვანე ეკონომიკა ადამიანების კეთილდღეობისა და სოციალური თანასწორობის მთავარი შედეგია, როდესაც მნიშვნელოვნად მცირდება გარემო რისკები და ეკოლოგიური დანაკლისები. ,,მწვანე ეკონომიკაზე“ გადასვლა წარმოადგენს მთავარ მამოძრავებელ ძალას მდგრადი ეკონომიკური პროცესების უზრუნველსაყოფად. ,,მწვანე ეკონომიკაში“ ბუნებრივი გარემო განიხილება არა როგორც ნარჩენების გაუვნებელყოფის ადგილი, არამედ ეკონომიკური ზრდის გადამწყვეტი ფაქტორი, მწვანე ეკონომიკა აქტიურად ვრცელდება მთელ მსოფლიოში და ამ პროცესში თითქმის ყველა ქვეყანა ერთვება.

საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ მიღებულ იქნა 1996 წლის 10 დეკემბერს [5], რომელმაც ცვლილებები რამდენჯერმე განიცადა (2003, 2007, 2011, 2014, 2015, 2016, 2017, 2018 წწ.) [6], არც კანონში და არც ერთ ცვლილებაში ნახსენები არ არის მწვანე ეკონომიკა.  ქვეყანაში შემუშავდა გარემოს დაცვის მოქმედებათა სამი ეროვნული პროგრამა (2000 წ., 2012-2016 წწ., 2017-2021 წწ.).

საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნულ პროგრამაში (2017-2021) [7, გვ. 148],  წარმოდგენილია რიგი კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ტრადიციული ეკონომიკური საქმიანობების ალტერნატიული მიდგომების შემუშავებისა და დანერგვისაკენ. კერძოდ, რესურსებისა და მასალების ეფექტურობა, ნარჩენების წარმოქმნის მინიმუმამდე შემცირება და თავიდან აცილება, წყლის რესურსების მდგრადი მოხმარება, მწარმოებლის პასუხისმგებლობის ზრდა, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით რესურსების გონივრული მოხმარება და ა.შ. აღნიშნულია, რომ ყოველივე ეს სწორედ მწვანე ეკონომიკის განვითარებას ემსახურება. მწვანე ზრდის განვითარებისათვის აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ყველა ჯგუფის, როგორც საქონლისა და მომსახურების მომწოდებლების, ასევე მომხმარებლების, ერთობლივი ძალისხმევა.

ეკონომიკური განვითარების პროცესში ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა, ასევე ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილების აუცილებლობა ასახულია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020-ში [8], რომელიც ქვეყნის მთავარი სტრატეგიული დოკუმენტია.  სტრატეგიაში  ხაზგასმულია, რომ  „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ინოვაციური საქმიანობის და უახლესი ტექნოლოგიების ტრანსფერის და დანერგვის ხელშეწყობა ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. ასევე მნიშვნელოვანია გარემოს დაცვაზე ორიენტირებული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და მწვანე ეკონომიკის განვითარების წახალისება.

მწვანე ზრდის გარკვეული ასპექტები ასახულია საქართველოს ცალკეულ სექტორულ სტრატეგიებში. მაგალითად, საქართველოს მთავრობამ მოამზადა და დაამტკიცა „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის“[9],  კონკრეტული ქმედებები, კერძოდ, (1) სპეციალური სასწავლო პროგრამის შემუშავება რესურსეფექტურ და სუფთა წარმოებასთან დაკავშირებით და „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა“. სტრატეგიის მიზანია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მათი კონკურენტუნარიანობის და ინოვაციების შესაძლებლობების ამაღლება, რის შედეგადაც მოხდება შემოსავლების და სამუშაო ადგილების ზრდა და შესაბამისად, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. დოკუმენტში განსაზღვრულია (2) მეწარმეებისათვის კონსულტაციების გაწევა გარემოსათვის მისაღებ ქმედებებთან დაკავშირებით და (3) „გარემოსდაცვითი მმართველის“ კურსების განვითარებასა და ჩატარებას, რათა ხელი შეეწყოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში მწვანე პრაქტიკის დანერგვას და კომპანიებში გარემოსდაცვითი მმართველობის შექმნას.

ბოლო წლების განმავლობაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროში გატარებულმა დაუგეგმავმა და ნაჩქარევმა რეფორმებმა დიდი ზიანი მოუტანა როგორც გარემოს, ისე საქართველოს მოსახლეობას. წლების განმავლობაში არ განისაზღვრებოდა ქვეყნის პოლიტიკა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის სფეროში; პრაქტიკულად მოისპო გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მექანიზმები; ბუნებრივი რესურსების მართვა კი გაიგივებული იყო ბუნებრივი რესურსების ლიცენზირებასთან და ეს ფუნქცია ხან ერთ, ხან მეორე სამინისტროს გადაეცემოდა. შედეგად, საბოლოოდ დაირღვა წონასწორობა ბუნების კონსერვაციასა და ბუნებრივი რესურსების მოხმარებას შორის.  კანონმდებლობა სულ უფრო მეტად დაშორდა საყოველთაოდ აღიარებულ მდგრადი განვითარების პრინციპებს, ასევე ევროკავშირის კანონმდებლობას. 

დასკვნა

გარემოს დაცვის რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისათვის აუცილებელია [10, გვ.73]:

  • წყლის, ჰაერის, ნიადაგის, ნარჩენების კანონმდებლობის გადამუშავება/შემუშავება და გარემოსდაცვითი მართვის არსებული ინსტრუმენტების გაძლიერება და ახლის (მათ შორის ეკონომიკური ინსტრუმენტების) დანერგვა;
  • გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს გადამუშავება/სრულყოფა: რაც გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნებთან (ორჰუსის კონვენცია, ბიომრავალფეროვნების კონვენცია, ბერნის კონვენცია), ასევე ევროკავშირის 85/337/EEC დირექტივასთან;
  • საქართველოს ტყეების დაცვისა და რაციონალური გამოყენების უზრუნველსაყოფად აქცენტი გაკეთდეს მდგრად მეტყევეობაზე,  ტყეების დაცვა-აღდგენასა და არამერქნული პოტენციალის გამოყენებაზე;
  • ეკოსისტემების დაცვისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას დაცული ტერიტორიების ერთიანი ქსელის ჩამოსაყალიბებლად. ეს მოიცავს როგორც არსებული დაცული ტერიტორიების შესაძლებლობების გაძლიერებას, მოდერნიზება-გაფართოებას, აგრეთვე ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ისეთ რეგიონებში, როგორიცაა: ზემო და ქვემო სვანეთი, სამეგრელოს მთიანეთი, რაჭა, ლეჩხუმი, ფშავ-ხევსურეთი.

გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენება საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის, როგორც ეროვნული და გლობალური ფასეულობის შენარჩუნების, ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.    

გამოყენებული ლიტერატურა

1. გველესიანი რ.,  გოგორიშვილი ი.,  ეკონომიკური პოლიტიკა, წიგნი II.   თბილისი, 2012.

2. მწვანე პოლიტიკა და გარემოს დაცვა. თბილისი, 2013.

http://greenalt.org/wp-content/uploads/2013/12/mwvane_politika_da_garemos_dacva.pdf /ბოლო ნახვა 13.04.2019/    

3. რაინერ კლუმპი,  ეკონომიკური პოლიტიკა, მიზნები, ინსტრუმენტები და ინსტიტუციები (ქართულ ენაზე), თბილისი, 2015.

4. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს პროგრამა.
http://www.unep.org/pdf/GreenEconomy_SuccessStories.pdf /ბოლო ნახვა 14.04.2019/

5. საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, თბილისი, 2016.

6.  საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, ცვლილებები და დამატებები.  www.matsne.gov.ge/ka/document/view/4245387?publication=0/ბოლო ნახვა 13.04.2019/

7. საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა 2017-2021 წწ. თბილისი, 2017.

http://moe.gov.ge/res/images/file-manager/strategiuli-dokumentebi/strategiebi-gegmebi/2017-2021/ბოლო ნახვა 14.04.2019/.

8. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, საქართველო 2020, საქართველოს მთავრობა, ნოემბერი, 2013.

9. საქართველოს  მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020  წლებისთვის. თბილისი, 2016.

10. ერქომაიშვილი გ., საქართველოს განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები. თბილისი, „უნივერსალი“, 2016.